სასამართლოს შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული არ იქნება – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ის წინა შემთხვევაში, ძალიან წარმატებულად განხორციელდა.  

მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რადგან ეს პრაქტიკაში ასე არ ხდება.

“ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. კონსტიტუციაზე მუშაობისას იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ძალიან მცირე, მაგრამ რეკომენდაციების ნაწილი არ გავითვალისწინეთ. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო პარლამენტის გამორიცხვაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში. დღეს უკვე ნათელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთელი ეს დისკუსია ჯანსაღი პროცესია. ჩვენ დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ – ყველაზე რაციონალურ, სამართლებრივად დასაბუთებულ და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს”, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მისივე ვარაუდით, ვენეციის კომისიიის მხრიდან კრიტიკული დასკვნა არ იქნება. 

„არ მგონია, დასკვნა კრიტიკული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, განსხვავებით სხვა მსგავსი დოკუმენტებისგან, მასში არის სამართლებრივი ლოგიკა, თუმცა, დაველოდოთ. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. იქნება შეხვედრები, არა მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, რათა მაღალი ჩართულობით, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალური, სამართლებრივი და კონსიტიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები იქნას გაწერილი“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები