სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

„ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

მსგავსი თემები