სალომე ზურაბიშვილმა გუნდის რამდენიმე წევრი დაასახელა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი დღეს დაასახელა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის ჩატარებამდე ის შეზღუდულია.შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ახალი ადმინისტრაციის ნაწილი დაკომპლექტდა.

„საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ სრული რეორგანიზაცია და კონკურსი არ ჩატარდება, ადგილებს ბოლომდე ვერ დავაკომპლექტეთ. როგორც უკვე ნათქვამი მქონდა, ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჟვანია; ქეთევან მახარაშვილი იქნება ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით, ასევე პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს; დიმიტრი გაბუნია უკვე არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრედისი იქნება მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში; ნათია სულავა იქნება მრჩეველი დიასპორის, ასევე მოქალაქეობის საკითხებში; ალექსი ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში მრჩეველი; ირინა შენგელია – საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი; კოტე ნაცვლიშვილი – მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის სიმბოლურად ადმინისტრაციაში სამუშაოდ დიასპორის წარმომადგენელსაც იწვევს, რომელიც დროებით, „სტაჟიორად“ იმუშავებს.

„ალექსანდრ კრევო არის ქართველი, ემიგრაციაში დაბადებული, ქართულ – ფრანგული ოჯახის წარმომადგენელი და ცხოვრობდა ამერიკაში. ჩამოვიდა თავისი სურვილით. ჩვენთან ჯერ „სტაჟიორი“ იქნება და შემდეგ შემოვა ჩვენს გუნდში და დაგვეხმარება. ეს არის სიმბოლური, რომ დიასპორიდან ჩამოსულია ახლგაზრდა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები