სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტისგან მიწვევა მიიღო

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და თავის ქვეყანაში ეპატიჟება.

“პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად, მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღეთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, შესაძლო უახლოეს ვადაში”, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის წერილში.

ანდჟეი დუდა გამოთქვამს რწმენას, რომ ტრადიციული და ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა, კვლავაც, დინამიურად განვითარდება, რაც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და ერებს.

მისივე თქმით, პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,

“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული. ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჯის ამაღლებისა და ეკონომიკურ- სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება”, – აღნიშნულია პოლონეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილში.

იგი სალომე ზურაბიშვილს ყოველმხრივი კეთილდღობას უსურვებს ამ საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

მსგავსი თემები