სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად ბრიუსელში ჩავა

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში, კერძოდ ქალაქ ბრიუსელში ჩავა, სადაც მდებარეობს ნატო-ს და ევროკავშირის ოფისები.

“აუცილებელია, ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ”, – ამის შესახებ ზურაბიშვილმა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აპატურაისთან შეხვედრისას  საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს მთავარი გამოწვევად რჩება – ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ქვეყნის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა.

მისივე ინფორმაციით, ასევე, საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.  შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას ევროპისა და ნატო-სთვის, რაც ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაა.

“შევთანხმდით, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს, რომელიც ეხება ყველა სახის უსაფრთხოებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც დიდწილად რუსეთის მიერ არის გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზეც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო მზადაა ძალიან აქტიური იყოს ჩვენთან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები