სათვალთვალო კოშკები – მორიგი ბარიერი მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღგენის გზაზე

„სათვალთვალო კოშკების აგება კიდევ უფრო დაამძიმებს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს. მსგავსი შემთხვევები უარყოფითად აისახება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ის ფაქტი რომ მუდმივად გითვალთვალებენ, გაზრდის შიშის ფაქტორს უბრალო ადამიანებში“, – ამბობს ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას და ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ თემს სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობებს სთავაზობს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. ორგანიზაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაში წლებია აქტიურად მუშაობს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შექმნილი ხელოვნური ბარიერები, სათვალთვალო კოშკის დადგმა, მოქალაქეთა გატაცებები და სხვა საკითხები საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ სამშვიდობო ინიციატივებს საგრძნობ დაბრკოლებებს უქმნის, – აცხადებენ ორგანიზაციში.

ცენტრმა – „აფხაზეთი“ 2016 წელს სოფელ ხურვალეთში (გორის მუნიციპალიტეტი) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მოხუცთა თავშესაფარი „სახლი საზღვრებს გარეშე“ დააფუძნა. სახლი მავთულხლართებიდან 50 მეტრში მდებარეობს და მუდმივად არის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დაინტერესების საგანი. საზოგადოება, მედია საშუალებებითა და სოცილური ქსელებით ხშირად ადევნებს თვალს მოხუცთა თავშესაფარსა და ახლომდებარე ადგილებში განვითარებულ მოვლენებს. თავად სახლის მენეჯერი ლუდა სალია, სოციალურ ქსელებით ხშირად თამამ განცხადებებსა და ვიდეოებს აზიარებს ხელოვნურად გავლებული მავთულხლართებიდან.

„სანამ არ წავლენ, ყოველ დღე მოვალ აქ და ვეტყვი, რომ სხვის მიწაზე დგანან უკანონოდ, რომ ოკუპანტები არიან და მოუწვთ წასვლა საქართველოდან! არ გეგონოთ აქ მოსვლა უსაფთხო იყოს. შიში მაქვს, მაგრამ მაინც მოვდივარ!!!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – წერს ის თავისი ფეისბუქ გვერდზე.

ნუკრი მილორავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, საფრთხის ქვეშ დგება.

„სამშვიდობო პროგრამებსა თუ ინიციატივებს სჭირდება ინტერაქცია, ადამიანებს შორის ცოცხალი ურთიერთობა, შეხვედრები და ა. შ. შექმნილი ხელოვნური ბარიერები კი ზღუდავს ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, მატულობს მათში შიშის ფაქტორი. საბოლოოდ კი მივიღებთ იმას, რომ ადამიანები ნაკლები რაოდენობა გადმოვა გამყოფი ხაზის აქეთ მხარეს. მოგეხსენებათ, ყველას არ აქვს უნარი და გამბედაობა დაძლიოს შიში და წინ აღუდგეს ბარიერებს. ვხედავ რომ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს და პროგრამებს ექმნებათ რეალური საფრთხე და ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ნაკლებ შედეგს,“ – აღნიშნა მილორავამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მსგავსი თემები