საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საუბარია 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.

ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ცვლილებაზე კომენტარისას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, საქართველომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, ეფექტიანად ემართა ვითარება არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ მისი დასრულების შემდეგაც. მამუკა მდინარაძის შეფასებით, უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, პროცესის ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა.

დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.

მსგავსი თემები