“რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება” – ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია 

ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში რუსეთის ფედერაციის მიმართ მკვეთრი და მკაცრი ჩანაწერი დაფიქსორდა. ნატო-ს ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ და რუსეთს მოუწოდებენ, საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღონ.

“რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის / ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, ასევე სხვა ქმედებებს, როგორიც არის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური საზღვრის მაგვარი შეფერხებების აგება ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-სა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების პრინციპებს. რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების მიღება. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველო ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს“, – ვკითხულობთ  დეკლარაციაში.

აღნიშნული დეკლარაცია საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივასაც ეხება. მის მიხედვით: „მივესალმებით საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა ხელშესახები შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მიზნით”.

მსგავსი თემები