„პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია” – ირაკლი ბერაია

„გიორგი რურუა არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი. საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა 2012 წლის ნოემბერში  დასრულდა და ეს დრო, ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს არ დაბრუნდება. მისი, ეგრეთ წოდებულ, პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ეს რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის სპეკულაციები. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა. პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასე ხდება საქართველოშიც. პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების შესახებაც ისაუბრა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების რიგი პოლიტიკოსების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ მოწოდებებზე კომენტარი გააკეთა.

„რაც შეეხება დამნაშავის შეწყალების საკითხს – ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ეს მასზეა დამოკიდებული. შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ბატონი კუბილიუსის პოზიციები და ახალი არ არის. თავისთავად ჩვენი პოზიციები ამ საკითხის გარშემო არაერთხელ დავაფიქსირეთ. მართლმსაჯულების პოლიტიზირება საქართველოში არ ხდება, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ასეთი არის დღეს სამართლებრივი სახელმწიფო – საქართველო. შეწყალების საკითხი არ არის არავის გადასაწყვეტი გარდა პრეზიდენტისა. ხელისუფლების დანაწილების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რაიმე ფორმით ჩარევის არანაირი ბერკეტი, შესაძლებლობა და  სურვილი არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.​

მსგავსი თემები