“პარლამენტში ვაკანტური ადგილების დაკავება არ ნიშნავს, რომ ვიღაც თანამდებობას ეძებს” – დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სწრაფად უნდა მოხდეს პარლამენტში არსებული ვაკანტური ადგილების დაკავება, რადგან საპარლამენტო საქმიანობა შეუფერხებლად განხორციელდეს.

როგორც დეპუტატმა, დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, ბოლო დღეებში საპარლამენტო მუშაობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

“სამწუხაროა, რომ იმის გამო, რომ გუნდის წევრებმა დატოვეს უმრავლესობა, ვაკანტური თანამდებობები გაჩნდა შესაბამის კომიტეტებში. მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ სრულიად შინაგანი განწყობით მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა თანამდებობას ეძებს ან იკავებს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ეს არის მისი ვალდებულება. თითოეული დარგობრივი კომიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით და იმიტომ, რომ კომიტეტების მუშაობა არ შეფერხდეს, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ვაკანტური ადგილების დაკავება შესაბამისი კომპეტენციისა და ძალიან ბევრი განზომილების გათვალისწინებით. ასე რომ ეს არ არის ადგილების დაკავება, ეს არის საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება შეუფერხებლად“, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი თემები