თბილისის ცენტრში პარკირება რომ მოწესრიგდეს, ძვირი უნდა ღირდეს – მამუკა სალუქვაძე ​

თბილისის ცენტრალურ ადგილებში საათობრივი პარკირების შემოღება, რომლის განხორციელებაზეც დედაქალაქის მთავრობამ მუშაობა დაიწყო, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რაც მიზნად ისახავს, ქალაქის ქუჩების საათობით გაჩერებული ავტომობილებისგან გამოთავისუფლებას და მოქალაქეებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას. 

როგორც გენგეგმის ჯგუფის წევრმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიოში მიღებულ ნორმალურ სისტემად ითვლება ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საპარკინგე ადგილების 20% მუდმივად თავისუფალი იყოს, ხოლო 80 % დაკავებული. ადამიანებმა უნდა შეძლონ, საპარკინგე ადგილები აუცილებელი საჭიროებისთვის გამოიყენონ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილების მფლობელები, საპარკინგე ადგილების იმ 20%-საც აითვისებენ, ქალაქის მერიას შეუძლია ფასის მომატებაზე იფიქროს, მაგრამ თუ პირიქით მოხდა და მეტი ადგილი გამოთავისუფლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ვერ იხდიან საფასურს და პარკირების გადასახადი უნდა გაიაფდეს.

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირება ძვირი უნდა ღირდეს, შუალედურ ზონაში შედარებით ნაკლები და პერიფერიებში უფასოც შეიძლება იყოს. რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათთვის პარკირება უფასო უნდა იყოს.

“ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც დღეს, ევროპაში მოქმედებს და ამის დანერგვას ცდილობს თბილისის მერია. გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი შეთავაზება სწორედ ეს იყო. ჩვენს კვლევაში, რომელიც სატრანსპორტო ნაწილს ეხებოდა, ჩვენი გერმანელი და ქართველი პარტნიორების მიერ წარმოდგენილი იყო ზონირების პრინციპი ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით და გადასახადების შემოღება, ანუ ის, რომ ქალაქში ყოფილიყო გარკვეული ზონირება, – ცენტრალური, შუალედური, პერიფერიული უბნები, სადაც შესაბამისი თანხის გადახდის საფასურად პარკირება მოწესრიგდება. ჩვენი საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩას უკავშირდებოდა და გუშინ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ სწორედ ეს ქუჩა იქნება ადგილი, სადაც გადახდის აპარატებით პარკირების სისტემა მოისინჯება. პარკირების საფასურთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ “მთავარში”.

მისივე თქმით, ავტომობილის საათობრივი პარკირების გადასახადის შემოღების შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰყავს ავტომობილი გაჩერებული, დაფიქრდება, უღირს თუ არა მას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილის საათობით გაჩერება, ხშირ შემთხვევაში კი მთელი დღით. 

“ადამიანი ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ქალაქის ცენტრში ავტომობილის საათობით გაჩერება თუ გადაუდებელი საქმე არ აქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეების განმავლობაშია დაპარკინგებული ავტომობილები და ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ძალიან გაძნელებულია ავტომობილის გასაჩერებლად ადგილის მოძიება. ხშირად რამდენიმე წრის გაკეთება უწევს ადამიანს, რომ ნახოს თავისუფალი ადგილი. აქ უკვე თავს იჩენს სხვა პრობლემებიც – ეკოლოგია, საცობები, და ა.შ”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, საათობრივი პარკირებიდან მიღებული თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში შევა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები