„ოკაცეს კანიონი“ დამთვალიერებლისთვის გაიხსნა

„ოკაცეს კანიონის“ დათვალიერება ვიზიტორებს დღეიდან შეუძლიათ. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიმდებარედ, „ოკაცეს კანიონზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა.

“მსოფლიოში არსებული ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს – ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით,” – განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მსგავსი თემები