“ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს” – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უწყების ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განცხადებას გააკეთებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

„რუსთავი 2“ – ის ყოფილ და ახლა უკვე „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა”.

https://mcm.ge/დღეს-ჩემი-ოჯახისა-და-ჩემი/

მსგავსი თემები