„ნარკოტიკების ზედმეტი პოპულარიზაცია მიმდინარეობს, თითქოს, მის გარეშე ხაჭაპურის თუ კუბდარის გამოცხობა არ შეიძლება“ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, მარიხუანას მოხმარების მძიმე შედეგებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ  ბოლო ხანებში, ქვეყანაში, მარიხუანაზე საუბარი და მისი პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ხშირია შემთხვევები, როდესაც საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, ამ ნივთიერების სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამით ნარკოტიკების პოპულარიზებას ეწევიან.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, ის დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა ამასა სათანადო გათვლა სჭირდება.
მისივე თქმით, მარიხუანა არის მძლავრი ჰალუციოგენი და არ შეიძლება ის იყოს უსაფრთხო. მისი მოხმარება იწვევს, ქცევით აშლილობებს, კოორდინაციის დარღვევას, ჰალუცინაციას და სხვა დაავადებებს.
“მარიხუანას „კარიბჭის ნარკოტიკსაც“ უწოდებენ, რადგან, მისი მომხმარებლების 30% მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადის. ჩვენთან კი მისი ზედმეტად პოპულარიზაცია მიმდინარეობს… უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე… რატომღაც, მას გარკვეულ ტრადიციებთან ვაიგივებთ, თითქოს, ხაჭაპურისა თუ კუბდარის გამოცხობა, მარიხუანას გარეშე არ შეიძლება… დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ და არა დაუთვლელი და გაუთვლელი სამართლებრივი რეგულაციების, რომელიც რისკფაქტორია. რეგულაციები იმდაგვარი უნდა იყოს, რომ მოხმარება არათუ გაიზარდოს, პირიქით – შემცირდეს… დღეს პროცესები სწორად იმართება, ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება,“ – აცხადებს ხუნდაძე.

მისივე განცხადებით, არ შეიძლება, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა პრიმიტივამდე დავიდეს – დავიჭიროთ თუ არ დავიჭიროთ. „რა თქმა უნდა არ უნდა დავიჭიროთ, თუმცა ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა გავზარდოთ“, – ამბობს დეპუტატი.

 

მსგავსი თემები