„ნარკოდამოკიდებულთა ფსიქიკური აშლილობის მაჩვენებელი  როგორც საქართველოს, ისე იტალიისთვის მძიმე გამოწვევა,“ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანდაცვის სექტორის რეფორმირებისთვის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დელეგაცია იტალიაში ოფიციალურ  შეხვედრას  მართავს. დელეგაციამ  სამუშაო შეხვედრა გამართა  იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველ ლუიჯი ფერარისთან და იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ადიქციის, დოპინგისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორატის დირექტორ ლალიანა ლა სალასთან.

შეხვედრის მთავარი თემა  ფსიქიკურ ჯანდაცვას შეეხო. კერძოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის დეინსტიტუციონალიზაციის იტალიის რეფორმის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მედიაცენტრ  „მთავარს“ იტალიიდან განუცხადა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად კვლავ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება.

„იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვაცნო იტალიაში 1972 წლიდან ფსიქიკური ჯანდაცვის სექტორში დაწყებული სამართლებრივი რეფორმები, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. ვისაუბრეთ ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკაზე, მულტი – სერვისებით აღჭურვაზე, დეცენტრალიზაციაზე, სერვისების მონიტორინგსა და რეჰოსპიტალიზაციის საკითხებზე.  მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით,  ბოლო წლებში არაერთი პოზიტიური ცვლილება განვახორციელეთ,  სისტემას სერიოზულ რეფორმირება სჭირდება. იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აღნიშნული  ყველა საკითხი განვიხილეთ და საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შემდგომ განვითარებასა და ონკოლოგიური ცენტრის კონკრეტულ პერსპექტიულ გეგმებზეც ვისაუბრეთ” – განუცხადა ხუნდაძემ „მთავარს.“

შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნარკოპოლიტიკასაც შეეხო. კერძოდ, დეპუტატებმა იტალიელ კოლეგებთან ერთად  ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზეც ისაუბრეს და ნარკოდამოკიდებულთა ფსიქიკური აშლილობის საგანგაშო ტენდენციებზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, არსებული ვითარება მძიმე გამოწვევად რჩება, როგორც საქართველოს ასევე იტალიისთვის.

დელეგაციის წევრის, დეპუტატ ლევან კობერიძის შეფასებით კი “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის  რეფორმის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.  ეს კი აუცილებელია  სისტემის რეფორმირებისათვის გაბედული ნაბიჯების დასაგეგმად”.

დელეგაციის შემადგენლობაშია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი ელენე ჟორჟოლაძე.

 

მსგავსი თემები