„მტკიცებულება თენგო ბარბაქაძის წინააღმდეგ არ არსებობს“ –  დაკავებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გავასაჩივრეთ, მაგრამ მოლოდინი არანაირი არ გვაქვს, რომ რაიმე შეიცვლება. გამოძიება თენგო ბარბაქაძეს ძალადობას ედავება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძეს მიაჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დატოვება პატიმრობაში უსამართლო გადაწყვეტილებაა.

„თენგო ბარბაქაძეს ედავებიან ძალადობას, 225-ე მუხლი, ესაა ხიდის ეპიზოდი, რომელიც იყოფა რამოდენიმე ნაწილად. პირველი, როცა “მერსედესი” გაჩერდა და მეორე “ტოიოტა.” თენგო იყო მერსედესში და ხიდთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, შემდგომ განვითარებულ პროცესებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ის აჩერებს მანქანას „ლიდერფუდთან“, ჩანს მისი შესვლა მარკეტში და დილის 7-ის ნახევარზე იწყებს მოძრაობას თბილისისკენ, როცა გამოფხიზლდა” – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის თქმით, საქმეში ფიგურანტი დაცვის მხარე და პირადად, საზოგადოების ბულინგის ქვეშაა.

“არსებობს საზოგადოებრივი წნეხი, მოხდა ტრაგედია დაღუპულია პატარა ბიჭი, მაგრამ სასამართლო დღეს დამოკიდებულია პოლიტიკურ მოვლენებზე. თავის მხრივ საზოგადოებრივ აზრზე და საზოგადოების აზრი შესაძლოა ხანდახან სიმართლისაგან განსხვავდებოდეს. ძალიან დიდი ბულინგის ქვეშ ვარ პირადად მეც, ხალხს არ ესმის ადვოკატის როლი. არ შეიძლება ჩვიდმეტივე იყოს დამნაშავე,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმებას გამორიცხავს:

„მკვლელობის მუხლთან და ძალადობასთანაც ბევრი რამე დასამტკიცებელია. გამოძიება იმ მუხლით კი არ მუშაობს რა მუხლითაცაა წარდგენილი ბრალი, მიდის სხვა მუხლით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ვერ დაუმძიმდება, ინტერესი გამოძიების ამ კუთხით არ არსებობს, ის მონაწილეობდა ხიდის ეპიზოდში, ჟვანიასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, მტკიცებულება თენგო ბარბაქაძის წინააღმდეგ, რომ ვინმეს სცემა არ არსებობს,“ – განაცხადა გიორგი ბარბაქაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები