“მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არავის აქვს უფლება ჩაერიოს” – მოსამართლეობის კანდიდატი

“საქმიანობაში ჩარევის მცდელობისას, გამოვიყენებ იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომლებიც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს”, – ასე უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მიქაბერიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვას, თუ როგორ დაიცავდა თავს, მის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში.  .

ლევან მიქაბერიძის თქმით, ამგვარი ფაქტის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარეს აცნობებდა.

„არსებობს საკონსტიტუციო ჩანაწერი, დებულება, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამართლის საქმიანობაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ამასთან ერთად არსებობს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესი, ამგვარი მცდელობის არსებობის პირობებში ერთი, რასაც გავაკეთებდი აუცილებლად იქნებოდა ის, რომ საქმის კურსში ჩავაყენებდი სასამართლოს თავმჯდომარეს, მოვახსენებდი საქმის ფაქტობრივ მოცემულობას და თუკი დადგინდებოდა, რომ კომუნიკაციის წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი ალბათ, კანონით დადგენილი წესით მისცემდნენ მსვლელობას“,-აღნიშნა ლევან მიქაბერიძემ.

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს ლევან მიქაბერიძე პასუხობს. ლევან მიქაბერიძე 2011-2012 წლებში  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი იყო. 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

მსგავსი თემები