მირჩევნია ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც აღარ გადაიხედება – სალომე ზურაბიშვილი  

​საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ინაუგურაცია, რაც შეიძლება სადა, ევროპული სცენარით ჩატარდება. სავარაუდო ვარიანტებს კი უახლოეს დღეებში გაეცნობა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ინაუგურაციისთვის ის ადგილი შეარჩია, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მისცა ხმა. ამის გამო, ის არავისზეა გაბუტული და ეს არის გზავნილი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათთვის, ვინც მისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

“იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი. მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს, სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ღონისძიებაზე სუსტი სქესი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი იმ ფაქტის შესატყვისად, რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.

„ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე კომისიაა პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტებია. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთი მხრივ, იქნებიან ის სტუმრები, რომლებიც პროტოკოლით არიან გათვალისწინებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი მოსაწვევს გზავნის ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, ვინც ჩვენი პარტნიორია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის. მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები იმ კონტაქტების გათვალისწინებით, რაც უცხოეთში გამაჩნია,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება, თუმცა, განმარტავს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.

„ ჩემი გუნდის საბოლოო შემადგენლობაზე საუბარი ნაადრევია. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​მისი თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეშია დანიშნული. 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები