მივმართეთ კაშიას, არ ჩასულიყო უეფას Equal Game-ის ჯილდოს ასაღებად – კონსტანტინე მორგოშია

მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ 9 სექტემბერს, საქართველო – ლატვიის ნაკრებების თამაშზე დაინახავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის პროპაგანდას ქართულ საზოგადოებაში.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე მორგოშიამ დღეს განაცხადა, “ქართული მარშის” წევრებმა მიმართეს კაშიას, არ ჩასულიყო უეფას Equal Game-ის ჯილდოს ასაღებად. 9 სექტემბერს კი, თბილისის დინამოს სტადიონის ტრიბუნებიდან 10 ათასობით ადამიანი გააპროტესტებს გურამ კაშიას ქმედებას.

​მისივე ინფორმაციით, ფეხბურთის გულშემატკივართა შორის, ყველა ტრიბუნაზე განლაგდებიან საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები, რომლებიც თამაშის მსვლელობისას კაშიას წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ.

” მის ქმედებას გმობს ეკლესია და არა საზოგადოების ერთი ჯგუფი, როგორც თავად კაშია ამბობს. უნდათ თუ არა, ​ეს ქვეყანა მართლმადიდებლურია და მსგავსი პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი”, – აცხადებს მორგოშია. ​

​ამასთან დაკავშირებით, “ქართული მარშის” ლიდერი შსს-ში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. როგორც თავად მორგოშია განმარტავს, დაკითხვამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ წნეხს ადგილი არ ქონია.

” კითხვა დამისვეს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩემს ერთ-ერთ სტატუსთან დაკავშირებით, წინა სტატუსების ქრონოლოგია ნახეს და შესაბამისად ყველა იმ კითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხები, რაც ამ საქმის გარშემო აინტერესებდათ. როგორც ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხვაზე ჩემს დაბარებას აღარ აპირებენ, თუ იქნება ამის საჭიროება, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ისევ გამოვცხადდები და გამოძიებას მივცემ ჩვენებას”, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

​მისივე თქმით, “ქართული მარშისთვის” მნიშნელოვანია 9 სექტემბრის თამაშზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატება, მაგრამ იმის გამო, რომ  პროტესტის გამოხატვით ქართველ ფეხბურთელებს თამაშში ხელი არ შეეშალოთ, გეგმებზე უარის თქმას არ აპირებენ.

“ერთი წლის წინათ შევთავაზეთ კაშიას, გაეკეთებინა განმარტებები და ბოდიში მოეხადა ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც თავისი ლგტბ აქტივობით მიაყენა შეურაცხყოფა. ამ ადამიანმა ეს ნაბიჯი არ გადადგა და ვიღაც-ვიღაცეებს აგზავნიდა, – მე რომ ეს ვთქვა, ჯარიმას დამიწერენ, გუნდში არ მათამაშებენ, კარიერა დამეღუპებაო. ისეთი განწყობა შექმნეს, თითქოს ჩვენ ვართ მოძალადეები და ისინი, ვინც ამის გაკეთებას აძალებენ, კარგი ხალხი. ახლაც მივმართეთ კაშიას, არ ჩასულიყო უეფას Equal Game-ის ჯილდოს ასაღებად. ამასაც არ აკეთებს. ვიცი, რომ ეს დისკომფორტს შეიტანს, მაგრამ ამის პროპაგანდა ჩვენთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე საქართველოს ნაკლების, ისედაც ყოველი მეორე წაგებული თამაში. ეს ნაკრების გადასაწყვეტია და კაშიასი, მანაც გადადგას ნაბიჯები ხალხის სასარგებლოდ. მას არ უკითხავს საქართველოს მოსახლეობისთვის, როცა ამ დროშას იკეთებდა მკლავზე. ვინც მართლა დააარსა ფეხბურთი საქართველოში, მათი კომენტარები წაიკითხეთ, პირდაპირ გმობენ კაშიას საქციელს”, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას უეფა თანასწორობის ჯილდოს  ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის გადასცემს. უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცევა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.
ქართველ ფეხბურთელს ჯილდო 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.

მსგავსი თემები