„მივეჩვიეთ, რომ ვართ მაჩანჩალები“ – აცხადებს ანა დოლიძე და დისციპლინური დევნის წარმოებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „სიტროენ ჯორჯიას“ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეზე დისციპლინური დევნის წარმოებას იწყებს.  

როგორც ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, “სიტროენ ჯორჯიას“ საქმე აჩვენებს, თუ როგორი დარღვეულია საქმის წარმოება საქართველოს სასამართლო სისტემაში. 

“იუსტიციის საბჭოს წევრებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარვადგინოთ მოხსენებითი ბარათი დისციპლინური წარმოების დასაწყებად. საუბარია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მხარე 8 თვეა ითხოვს, თუმცა, არ აძლევენ.  ამ შემთხვვევაში, მსგავსი ტიპის დაგვიანება იმდენად ხელყოფს მხარის უფლებებს, რომ ცალსახად ჯდება ამ უფლების ფარგლებში . ეს არღვევს ქართულ სტანდარტებს, ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ეს შესაძლებლობა გავახმოვანეთ, კონკრეტულად დავაყენოთ იუსტიციის საბჭო იმ არჩევანის წინაშე, რომ გააკეთოს რეაგირება, ან სისტემური რეაგირება, ” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრების ვალდებულებაა, შეიქმნას ისეთი მართლმსაჯულების სისტება, სადაც ადამიანების უფლებები უხეშად არ იქნება დარღვეული. 

“ეს კონკრეტული შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ არის მორღვეული საქმის წარმოება სასამართლოს შიგნით საქართველოში. მიუხედავად იმისა, თუ რა ვარდისფერ სურათს ხატავენ სასამართლოს ეფექტიანობასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები. რეალობა არის ის, რომ მხარეებს ხშირად უგვიანდებათ მართლმსაჯულება. დროზე არ ხდება საქმის განხილვა. საქმე უკვე განხილულია, დასრულებულია და მხარეებს არ ეძლევათ საშუალება, დაიცვან საკუთარი უფლებები. თუმცა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა,” – განაცხადა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მისივე განცხადებით, 2-3 თვით დაგვიანებას უკვე ყველა შეეჩვია და პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებული რეალობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მაჩანჩალა სისტემასთან გვაქვს საქმე. „უკვე მივეჩვიეთ, რომ ვართ მაჩანჩალები,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრი შელახული უფლებების დასაცავად ბრძოლისკენ ყველას მოუწოდებს: „თუ ასეთი ვითარება ზედაპირზე ამოვა, იუსტიციის საბჭო და ჩვენი ხელისუფლება იძულებული იქნება, სირაქლემის პოზიციაში კი არ იყოს, რეალურად მიხედოს სისტემის შექმნას. მინდა, დღეს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ყველას მივმართო,  ვისაც ასე უხეშად აქვს დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება. მობრძანდეს ჩვენთან. ღიად მოგვმართეთ,  რომ არსებული სიმახინჯეები დავანგრიოთ, ” – განაცხადა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები