მარტყოფის მონასტრის კელიაში მკვლელობა მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცმა მეორე მამაკაცი მოკლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარი მკვლელობის ფაქტს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მკვლელობა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა პირმა ჩაიდინა.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები