მამაკაცმა ფსიქიატრის დახმარებაზე უარი თქვა – გური მენაბდიშვილი 13 წლის მოზარდის მკვლელობაზე

რუსთავში, 13 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბიძის, 29 წლის მამაკაცის  ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილი აკეთებს. იგი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პაციენტს სტაციონარში მკურნალობისთვის 3 000 ლარი მოსთხოვეს, შემდეგ კი, ადგილების უქონლობის გამო, მკურნალობაზე უარი უთხრეს.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გური მენაბდიშვილმა განაცხადა, ექიმსა და პაციენტს შორის თანხაზე საუბარი ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ იქნებოდა, პაციენტი უარს ამბობდა მკურნალობაზე. გარდა ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში 3 000 ლარიანი სერვისი არ აქვთ.     

გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, პაციენტი უარს ამბობდა სტაციონარულ მკურნალობაზე და  ექიმს უთხრა, რომ მხოლოდ ჩაძინების პრობლემა ჰქონდა. ექიმის კითხვაზე, სურდა თუ არა მას ფსიქიატრიული თუ ნარკოლოგიური სტაციონარული მკურნალობა, პაციენტის ორივე თანმხლებ პირს გაეღიმა. ექიმს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ არც პაციენტი და არც მისი თანმხლები პირები არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი მკურნალობის სახეობაზე. 

მისივე თქმით, აღნიშნული პირების წასვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სტაციონარში, ანალოგიური ნიშნებით კიდევ ერთი პაციენტი შევიდა, რომელიც კლინიკაში მოვათავსეთ, შესაბამისად ინფორმაცია, რომ სტაციონარში ადგილები არ იყო და ამის გამო ეთქვა პაციენტს მიღებაზე უარი, სიმართლეს არ შეესაბამება. 

“13 წლის მოზარდის მკვლელობა, ბუნებრივია, არის სამწუხარო ფაქტი. ​ცენტრი არის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომ თვითმკვლელობის საქმე ძირეულად გამოიძიონ. კლინიკა  თანამშრომლობს გამოძიებასთან და ნებისმიერი მიმართულებით უპასუხებს გამოძიების ყველა კითხვას”, – განაცხადა მენაბდიშვილმა “მთავარში”.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში, ღამის საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა.  შესაბამისი პროცედურის თანახმად, ის ექიმმა ნარკოლოგმა მიიღო, ჩაუტარა კონსულტაცია. ექიმსა და პაციენტს შორის საუბარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. პაციენტს შესთავაზეს, ხომ არ სურდა ექიმთან, თანმხლები პირების გარეშე, პირისპირ საუბარი. რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა.

“შედგა აბსოლუტურად გამართული კონსულტაცია, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით, შესაბამის ჟურნალში. პაციენტი კატეგორიულ უარს ამბობდა სტაციონარულ მკურნალობაზე და ამბობდა, რომ სამკურნალო არაფერი სჭირდა. კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებას, თუ არ ჩავთვლით მარიხუანის მოხმარებას, რასაც ის ნარკოტიკულ საშუალებად არ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ პერიოდულად მოიხმარდა მას. ექიმთან კონსულტაციის დროს კატეგორიულ უარს ამბობდა ნარკოლოგიურ დახმარებაზე. 

კამერების ჩანაწერებისა და ექიმის ჩვენებიდან გამომდინარე, ეს პაციენტი არ იყო ძალით მოყვანილი. თანმხლებ პირებს მისთვის ხელკავიც კი არ ჰქონდათ გამოდებული. პირველადი ანალიზისა და დათვალიერების შედეგად, საზოგადოების მიმართ რაიმე ფორმით საშიშროება არ ვლინდებოდა.  გამორიცხული იყო ამის არდანახვა. სანამ ეს პაციენტი მოვიდოდა, ზუსტად 15 -20 წუთით ადრე, იყო მსგავსი შემთხვევა. ნარკოლოგიურ კლინიკას მიმართა სხვა პაციენტმა, რომელიც იმავე ექიმმა მიიღო. წინა შემთხვევაში, ექიმი მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ფსიქიატრის ჩართვა, დაურეკა კოლეგას და პაციენტის კლინიკაში დატოვება გადაწყდა.

მსგავსი საჭიროება ამ შემთხვევაშიც რომ ყოფილიყო დღის წესრიგში, ექიმი აუცილებლად ჩართავდა ექიმ-ფსიქიატრს. ეს საკითხი ძალიან კარგად არის დალაგებული ჩვენს კლინიკაში”, – განაცხადა გური მენაბდიშვილმა “მთავარში”.

​მისივე განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია პირის იძულებითი მკურნალობა არა მხოლოდ მესამე პირების მონათხრობის მიხედვით, არამედ წარსულში დასმული დიაგნოზის თანახმადაც კი. მკურნალობა უტარდება პაციენტს, მხოლოდ რეალურ დროს ჩატარებული კონსულტაციის, საკუთარი თავის ან საზოგადოების მიმართ შესაბამისი რისკების შეფასების საფუძველზე.

“მათ იკითხეს პირობები, არის თუ არა მკურნალობა ფასიანი. ამ შემთხვევაში ფასიანია, მაგრამ ექიმი თანხას ვერ შესთავაზებს პაციენტს მანამდე, სანამ ის მკურნალობაზე თანხმობას არ განაცხადებს. თანხმობის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, სამედიცინო მომსახურების ღირებულებებაზე ინფორმაცია პაციენტს წინასწარ მიაწოდოს”, – აცხადებს გური მენაბდიშვილი. 

მისივე ინფორმაციით, სტაციონარი 91 ადგილზეა გათვლილი. არის შემთხვევები, როდესაც არ არის ადგილები, მაგრამ პაციენტი სერვისის გარეშე მაინც არ რჩება. თბილისში, სახელმწიფო დაფინანსებით კიდევ სამი ფსიქიატრიული სტაციონარი ფუნქციონირებს. 2018 წელს,
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მიყვანილი 81 პაციენტი გადაამისამართეს სხვაგან.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული მოქალაქეები იყვნენ რუსთავიდან, სადაც ასევე ფუნქციონირებს სახელმწიფო სერვისები და რუსთავის ფსიქიატრიული საავადმყოფო. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში მოსვლამდე, ამ პაციენტს მომსახურება რუსთავში გაეწია”, – აცხადებს კლინიკის გენერალური მდივნის მოადგილე. 

მსგავსი თემები