ლილოს ნაგავსაყრელი 2019 წლის ბოლოს დაიხურება

თბილისის შემოგარენში, ლილოში არსებული ნაგავსაყრელი წლის ბოლოს დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მონაწილეობით ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება, რაც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რასაც აღნიშნული ნაგავსაყრელი ქმნის.  

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილოს ნაგავსაყრელის სერიოზული და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან ადგილობრივ მცხოვრებლები.

მისი თქმით, თბილისის მერია მუშაობს, რომ ეს პრობლემა ევროპული, განვითარებული ქალაქების მსგავსად მოგვარდეს, ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღონ ელექტროენერგია ან საწვავი.

“მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძის ინფორმაციით, ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი არასწორად დაგეგმარების გამო, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა.

“როგორც შარშან, ასევე, მიმდინარე წელს, ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ და წელს უფრო ფართომასშტაბიანს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

მსგავსი თემები