კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება. 

„მაჭავარიანის ქუჩას და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი –  საბურთალოდან, ნუცუბიძის ქუჩიდან და მეორე – ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის სახით, დამატებით ახალი პროექტი განხორციელდეს. კომპანიებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის დონეებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 200 მეტრია“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები