“კარი გამიღე, მეკვლე ვარ” – ხვალ, დასავლეთ საქართველოში “კუჩხას” აღნიშნავენ

ხვალ, დასავლეთ საქართველოში, ძველით ახალ წელთან ერთად, მეკლველობას, ანუ „კუჩხას“ აღნიშნავენ. ეს უძველესი ქართული ტრადიცია 14 იანვრის დილას სრულდება. ამ დღეს, სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროთ ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს.

სამეგრელოში, ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყება. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის ჩიჩილაკს, თავზე ხისავე ჯვარს უკეთბს და თხმელისა და სუროს ტოტებით რთავს. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლსა და მანდარინს უკეთებს. ბარაქიანობის ნიშნად, ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავენ.

მეკვლეობის ტრადიციამ სახეცვლილება განიცადა. დღეს, მას სამეგრელოში წესების ზუსტი დაცვით არ ატარებენ. მაგალითად, აღარ ისვრიან თოფს და არც მეკვლე იძინებს მარანსა თუ სადგომში. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, როგორ ტარდებოდა „კუჩხა“ დასავლეთ საქართველოში და რა ევალებოდა ოჯახის მეკვლეს – „მაკუჩხურს“:

დაძინების წინ, ოჯახის მეკვლე უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკსა და ხონჩას სახლიდან გაიტანდა მარანში ან სადგომში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას მთელ სოფელში ატყდებოდა თოფების სროლა. ოჯახი, სადაც მამაკაცი იყო, არ შეიძლებოდა ახალ წელიწადს თოფის სროლით არ მიეგებებოდა, რაც მტრებზე გამარჯვებას ნიშნავდა და თან ხალხის წარმოდგენით, ფრთხებოდნენ ავი და ბოროტი სულები.

გამოიღვიძებდა თუ არა მეკვლე, ის მაშინვე გაეშურებოდა წყაროზე, ხელ-პირს დაიბანდა და წყალსაც პირველი მოიტანდა, გამოიტანდა თოფს და გაისროდა. შემდეგ, მოწიწებით აიღებდა ჩიჩილაკს, სანთლებს აანთებდა და დაილოცებოდა. მეორე ხელში დაიჭერდა ჯამს, რომელშიც იყო ღომის მარცვალი და ზედ კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო. მეკვლე, ხელში ჩიჩილაკითა და ჯამით შემოუვლიდა ეზო-კარმიდამოს და დაილოცებოდა, თან ღომის მარცვალს თესდა და ამბობდა: ღმერთო, მრავალი ახალი წელიწადი გაგვითენე ბედნიერად და დოვლათიანად. მოგვეცი საქონელი მრავალი, კარგი ჭირნახული, ადამიანთა გამრავლება, ჯანმრთელობა და სხვა.

სადგომს ხუთი ლოცვით რომ შემოუვლიდა, მეკვლე ახლა მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს, კარს სამჯერ დააკაკუნებდა და სამჯერ იტყოდა: „კარი გომინჯი“ (კარი გამიღე). თეთრებში გამოწყობილი დიასახლისი დაკეტილი კარებიდან უპასუხებდა: „მი ზოჯუნქ, მუ მოგიღუ“ (ვინ ხართ, რა მოგაქვთ?). მეკვლე სამჯერ უპასუხებდა: წმინდა ბასილის წყალობა, დიდება, ბედნიერება, ოჯახის მშვიდობა, ბევრი ოქრო, ვერცხლი, პირუტყვის გამრავლება, აბრეშუმის ჭიის ყოფნა და სხვა. დიასახლისი კარებს გაუღებდა, მიულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელიწადს და გადაკოცნიდნენ. მეკვლე, ჩიჩილაკით ხელში და ღომის მარცვლის თესვით, დაუვლიდა სახლს და დალოცავდა. ბოლოს, „მაკუჩხური“ ჩიჩილაკს თაროზე მიაყუდებდა, იქვე ჯამს მიუდგამდა და მიუჯდებოდა საახალწლო სუფრას, რომელზეც ელაგა ღორის თავი, ხაჭაპური, კვერცხი, ხილი და ტკბილეული. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეეძლოთ ადგომა. საუზმის წინ მათ მეკვლე ტკბილეულით „დააბედებდა“ და ახალ წელსაც მიულოცავდა.

სამეგრელოში, ახალ წელს ერთმანეთთან ხელცარიელი არ გადავიდოდნენ. თან აუცილებლად მიჰქონდათ ტკბილეული. ახალ წელს იცოდნენ ნათლიების მოკითხვა ძღვენით – ორი პური, ღვეზელი, ყვარული და ერთი ხელადა ღვინო, რაზედაც იტყოდნენ ხოლმე – „ღვეზელით დო ყვარილით“ მოვიდაო.

დღეს ეს ტრადიცია შემორჩენილია და შემდეგნაირი რუტუალი ტარდება: მეკვლე აკაკუნებს კარზე და იძეხის: “კარი გამიღე მეკვლე ვარ”. ოჯახს წევრი ეკითხება: “რა მოგაქვს”? მეკვლე პასუხობს: ხვავი, ბარაქა, სიკეთე, ჯანმრთელობა და ა.შ. შემოაქვს თასი, სადაც ჩალაგებულია ტკბილეული, მარცვლეული, ხილი, სურო, ფული და ოჯახის ყველა წვერი სათითაოდ უნდა შეეხოს ყველაფერს, რაც თასშია ჩალაგებული. რაც თასშია და იჭმევა, ოჯახის წევრები მიირთმევენ, 19 იანვარს კი სურო და ჩიჩილაკი უნდა დაიწვას.

მსგავსი თემები