“იუნკერების გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა”

საქართველოს პარლამენტში  რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვლის  ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა, პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში კი მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ იუნკერთა  მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

„98 წლის წინ, იუნკერების მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლისთავზე აღგვედგინა დამოუკიდებლობა, დაკარგული სახელმწიფოებრიობა. მათ გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა პატივი მიაგო თანამედროვე გმირის – არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

„ჩვენ ასევე გუშინ, გავიხსენეთ არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენი თანამედროვე გმირი, მინდა,  კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო მის ხსოვნას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის  განცხადებით, სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა.

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ახალგაზრდების, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, საბჭოთა ოკუპაციას აღუდგნენ წინ.  ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  აღნიშნა, ასეთი ადამიანების გმირობის მაგალითებზე უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები.

„მრავალი ახალგაზრდა გმირი ადამიანი დაკრძალეს ამ ტაძრის ეზოში. 22 წლის იყო შალვა ერისთავი, რომელმაც გადაარჩინა თავისი ასეული, იგი  მე-11 არმიის ოფიცერს სანგარში შეუვარდა და ტყვიამფრქვევს გადაეფარა, ხოლო მარო მაყაშვილი 19 წლის იყო. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ემოციურად ვუდგები ამ საკითხს. ასეთი ადამიანების გახსენების, მათი გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები.“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

​ 

მსგავსი თემები