ირაკლი ღარიბაშვილი, ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ესტუმრება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ, ემსახურონ სამშობლოს.

“მინდა ყველას დაგიდასტუროთ, ჩემი პატივისცემა. ყველაფერს გავაკეთებ, რონ თქვენი პირობები გაუმჯობესდეს და იზრუნოთ თქვენი ოჯახების უკეთეს მომავალზე. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველი სამხედროების გმირობა არის სამაგალითო. დღეს ჩვენი ქვეყანა, თუ არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე, ეს არის თქვენი დამსახურება,”- მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს.

სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც მიესალმა და თავდაცვის მინისტრს, სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზე, ხოლო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებულნი.

მსგავსი თემები