“იმედი მაქვს, ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება” – შენგელია “ცსკა”-ში შესაძლო გადასვლაზე

ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას თქმით, იმედი აქვს, რომ დამოკიდებულება მის მიმართ არ შეიცვლება, თუ რუსულ გუნდ„ცსკა-ში გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მან ასევე დაადასტურა, რომ ცსკა-ს მხრიდან ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

„ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ხელიც არაფერზე მაქვს მოწერილი. “ცსკა”-ს მხრიდან ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო. მე მათ გარკვეული პერიოდი ვთხოვე, რათა მთლიანდ ესპანეთის ჩემპიონატზე ვყოფილიყავი მობილიზებული. ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ, რა მოხდება.

ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ვიცი, რომ მონდომება არის როგორც ცსკა-ს მწვრთნელისგან, ასევე – პრეზიდენტისგან. წელს სხვებისგან სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა. არც მადრიდის რეალი გამოჩენილა. თითქოს მილანი აქტიურობდა, თუმცა საქმე წინ აღარ წასულა, ამდენად, ერთადერთი ვარიანტი “ცსკა” იყო.

ამ გუნდში გადასვლით ჩემი დამოკიდებულება ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ ერთი წამითაც არ იცვლება და იმის იმედიც მაქვს, რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. სიმართლე გითხრათ, ჩემს პატრიოტიზმსა და საქართველოს მიმართ სიყვარულზე რაიმე ახსნა-განმარტება რომ დავიწყო, უცნაურად მეჩვენება“, – განაცხადა შენგელიამ.

თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე მედიაში ინფორმაცია რამდენიმე კვირაა ვრცელდება. შენგელია ამ დროისთვის ესპანურ ბასკონიაში თამაშობს.

მსგავსი თემები