„თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და მისი მოყვანა“ – საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას გამოეხმაურა. პატრიარქმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღეს.

„მოსამართლეები თანახმა არ იყვნენ, თუმცა, ზეგავლენის ქვეშ მოუწიათ გადაწყვეტილების მიღება. თუ  ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა“, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას და სასამართლოს გადაწყვეტილება  ერის მტრობად შეაფასა.

„ურთულეს დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, სად არის თეთრი და სად არის შავი. თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია ღვთის შიში, ის გაარჩევს სად არის ბოროტი და სად – კეთილი. ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა,“ – აღნიშნა ილია მეორემ.

 

მსგავსი თემები