თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა. საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი

შსს-ს ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

„საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

მსგავსი თემები