თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირება ფასიანი იქნება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან და შშმ პირების კუთვნილ ავტომობილებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით.

„ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე, ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. თანხა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მოიყრის თავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

მსგავსი თემები