„თამთა თოდაძეს ილია ჯიშკარიანთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. რომ სვამდა არაადეკვატურად იქცეოდა“ – მოწმის ჩვენება

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელი სასამართლოს ჩვენებას აძლევს. როგორც მოწმე, აცხადებს, როცა თამთა თოდაძე სვამდა, არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ილია ჯიშკარიანი კი მას „თამთა შვილო“-თა და „თამთა გენაცვალე“-თი მიმართავდა.   

ირმა ჩიკვილაძე, სასამართლოში ჯიშკარიანი-თოდაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიკითხა.  ის ილია ჯიშკარიანის ბიუროს მოქმედი თანამშრომელია.

„თამთამ, ზოგჯერ უზრდელურად ლაპარაკი იცოდა. ეს მაშინ ხდებოდა,   როცა სვამდა… ჩემთვისაც ბევრჯერ მოუყენებია თამთას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის იყო. მას ილია ჯიშკარიანთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. რომ სვამდა არაადეკვატური ქცევები ჰქონდა. ბატონი ილია კი ამშვიდებდა და შემდეგი სიტყვებით მიმართავდა,“თამთა, შვილო“, თამთა, გენაცვალე”.

როგორც ილია ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არეული ბიუროს ოთახი მან დაალაგა, დალეწილი ნივთები კი გადაყარა.

„ილია ჯიშკარიანმა მითხრა, რომ თამთა თოდაძემ დაალეწა თავზე ნივთები. დამტვრეული ნივთები და ნამსხვრევები რაც იატაკზე ეყარა, ნაგავში გადავყარე“ – განაცხადა მოწმემ სასამართლო სხდომაზე.

აღნიშნულ ბრალდებებს თამთა თოდაძის ადვოკატი პასუხობს და კითხვას სვამს: თუ თამთა თოდაძე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო, როგორ ანდეს ასეთ ადამიანს სოციალური სამსახურის გამართული მუშაობა? 

თამარ ლუკავას განცხადებით წარმოდგენილი მოწმე სანდო არ არის, რადგან, მისი სამსახური და შემოსავალი პირდაპირ ბმაშია ილია ჯიშკარიანის თავისუფლებასთან.

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მსგავსი თემები