ზურაბიშვილი გამოძიების ვადის გაგრძელებას ითხოვს, პრეზიდენტის შვილები შიმშილობას არ წყვეტენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა გაუგრძელდეს. ამის მიუხედავად, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის იზიარებს ოჯახის მოთხოვნას და პირველის პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს.

„როგორ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს მივმართავ, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გაითვალისწინოს და ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, – აცხადებს საქართველოს ახალი პრეზიდენტი.

პრეზიდენტის თხოვნასთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ ზვიად გამსახურდიას შვილს, კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, ეს ნამდვილად, პასუხისმგებლიანი მიმართვაა. მივესალმები, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა დაიწყოს. ამ პროცესში როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია უნდა ჩაერთოს. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტას, ეს საკითხი ჯერჯერობით არც განიხილება. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და რამდენად ქმედითი და ეფექტური იქნება პროკურატურა“ – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები