“ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით, ძალიან სასაცილოა” – ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშილის მამა ყოფილი რძლის ბრალდებებს უარყოფს.

“ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა… ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე,” – განაცხადა ნოდარ ბასილაშვილმა.

ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, ჩოგბურთელმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ურთიერთშელაპარაკებაში ყოფილი მამამთილიც მონაწილეობდა და გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო.

დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი თემები