ვილნიუსი – თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება

​ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის განცხადებით, აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.  

​ლიეტუვას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტუმრობს. ეს პრემიერის რანგში, ბახტაძის პირველი ვიზიტია მეგობარ ქვეყანაში.  

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საულიუს სკვერნელისიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიეტუვა მრავალი წელია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ამ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატო-სკენ ყოველთვის უჭერდა მხარს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. 

“მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ”, 0 განაცხადა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა.

მან სამაგალითო უწოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი “სტარტაპებით”, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის.

“უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები. მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეიარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის”, – განაცხადა საულიუს სკვერნელისიმ. 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს, ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის ლიეტუვას განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

დალია გრიბაუსკაიტემ დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ. 

მსგავსი თემები