ვაშლიჯვარში, რამდენიმე დღით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, ვაშლიჯვარში მიმდინარე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების გამო, მარშალ გელოვანის გამზირზე და მის მიმდებარედ ავტოტრანსპორტისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

თბილისის მერია შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. 

მსგავსი თემები