ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა – მოქანდაკე პროექტის ხარვეზებზე   

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული კონკურსის პირობებში  აღმოჩენილ ხარვეზებზე თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

​მისი შეფასებით. თბილისის მერიამ ისეთი მოთხოვნები ჩადო კონკურსში, რომ არა თუ მოხალისეებს, პროფესიონალებსაც კი კონკურსში მონაწილეობის შანსი არ დაუტოვა. კონკურსი უნდა იყოს გახსნილი და დემოკრატიული, რომ მასში მონაწილეობა შეძლოს ყველამ, ვისაც პარკის გაუმჯობესება სურს.

ირაკლი ჟვანიას ინფორმაციით, საკონკურსო კომისია მთლიანად სახელმწიფო მოხელეებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ 5 პროფესიონალია მოწვეული კომისიაში, ერთი მოქანდაკე, ორი არქიტექტორი, ერთი ურბანისტი და ერთიც ლანდშაფტის დიზაინერი.

ხელოვანისთვის მიუღებელია ვაკის პარკის დასაპროექტებლად განსაზღვრული ვადა – 90 დღე, რადგან  მიაჩნია, რომ ამხელა ფართობის პარკiს სამ თვეში ხარისხიანად დაპროექტება შეუძლებელია.

“თბილისის მერს, კახა კალაძეს.
ძალიან ხშირად იყენებთ ფეისბუკს იმისთვის, რომ მიმართოთ საზოგადოებას. ამიტომ გადავწყვიტე ასევე საჯაროდ მოგმართოთ იმ საკითხის გამო, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩვენს თანაქალაქელს ეხება. ვფიქრობ,თქვენი ჩარევა საჭიროა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, კერძოდ:

1. კონკურსში შესვლა უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც კი გამოცდილება და შეხება აქვს არქიტექტურასთან, სახვით ხელოვნებასთან, ლანდშაფტის დიზაინთან, შადრევნების პროექტირებასთან, საერთოდ საზოგადოებრივი სივრცის გეგმარებასთან. მერიამ ყველას უნდა მისცეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა მისი ქალაქის გალამაზებაში, თუკი ამის რესურსი და სურვილი გააჩნია. ესაა სწორედ საზოგადოების ჩართულობა, რომელზედაც თქვენ ხშირად საუბრობთ.

2. წარმოდგენილი პროექტები განიხილოს არა ჩინოვნიკების კომისიამ მოწვეული 5 სტუმრით, არამედ მოწვეულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ჩვენს საზოგადოებაში არაერთი მოქმედი მაღალი კლასის პროფესიონალი, ვისაც ჭკუა და გემოვნება მოეკითხება, რაც მათ არაერთხელ საქმით დაამტკიცეს.

ვაკის პარკი განსაკუთრებულია თავისი მნიშვნელობით და თბილისის მშვენებაა. მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, იმედია თქვენი ქმედითი ჩარევა კონკურსის პროცესს გამჭვირვალეს და ყველასთვის ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ჟვანია.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2019 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი თემები