„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას არ დაესწრება.

პარტიის წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი მინისტრისგან პასუხების მიღება 520-ე დადგენილების, მედიკამენტების ხელისაწვდომობასა და გათავისუფლებული სოცმუშაკების საკითხზე სურს.

„მინდა, საჯაროდ მივმართო მინისტრ ტიკარაძეს 520 დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ექიმებისა და ექთნების ნაწილის სახლში გაშვება, ხოლო ნაწილისთვის ხელფასის შემცირება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შეიძლება მტკივნეულად აისახოს როგორც პაციენტის მკურნალობის ხარისხზე, ასევე პაციენტისა და მისი ოჯახის ჯიბეზე. უპირველესად, მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას უპირებს 520 დადგენილებას, აპირებს თუ არა მის შეჩერებას, როგორც ამას სამედიცინო სექტორი მოითხოვს და როგორც ეს ფართო საზოგადოების ინტერესშია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვები ასევე შეეხება მედიკამენტების გაძვირებას, საარსებო შემწეობის მოხსნას, „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის შეფასების სოციალურ მოდელს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „მინისტრის საათია“ დაგეგმილი, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

მსგავსი თემები