“დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი” დაფუძნდა

სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში, პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში დღეს, „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების დეკლარაციას მოეწერა ხელი. დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; განათლება, მეცნიერება და კულტურა.

ქართულ-ფრანგული დიალოგი, 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის დიმიტრი ამილახვრის სახელს ატარებს. ინიციატივას საფუძველი ჯერ კიდევ, 2018 წლის მაისში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა. ორი ქვეყნის საგარეო უწყებები ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით.

დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა მოაწერეს. 

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. მან საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა: “ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება შეეწირა საფრანგეთს, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი მრავალ საკითხებში. პრიორიტეტული არის განათლება და ეს განათლება ურთიერთობები განათლების გზით გამოიხატება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის არსებობით, ასევე ვთვლით, რომ სხვა პროექტებიც იქნება ქართველი ახალგაზრდობის სასარგებლოდ და ამ ყველაფერს ადგილი ექნება აღმოსავლეთ ქვეყნებთან პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გარკვეული კულტურული პროექტები, ამ კუთხით ვითანამშრომლებთ, ეს იქნება ლიტერატურის სფეროში, ხელოვნების სფეროში, რომელზეც ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ”.   

როგორც მაკრონი განაცხა, საფრანგეთის ხელისუფლებას სურს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით, საქართველოში, მრავალ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი და განხორციელდეს. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში. 

ასევე, საუბარია სამხედრო და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. “უნდა ვიმუშაოთ სტრატეგიული თანამშრომლობის განსავითარებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ სამხედრო თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან ცენტრალურ აფრიკაში”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფორმატი საქართველოსა და საფრანგეთს შორს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობაზე მეტყველებს, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და აქვს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკული დატვირთვა.  

სამინისტროს ინფორმაციით, დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა, უახლოეს ხანებში, პარიზში გაიმართება. „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში ჩატარდება. დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მსგავსი თემები