“დასკვნა უნდა იყოს ან ჰო, ან – არა, ექსპერტის ვარაუდები არ გვჭირდება” – ადვოკატი გარდაცვლილი შაქარაშვილის ექსპერტიზაზე

“კერძო ექსპერტის საუბრები ტელევიზიითა და სხვა საშუალებებით, მე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვარაუდი გავაკეთო, ან რამეზე ვიფიქრო. ჩემთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური დასკვნა, რომელსაც მე ჯერ ვერ ვხედავ”, – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორგანიზების ბრალდებით დაკავებული “მერსედესის” მძღოლის – გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

გიორგი ყიფშიძის თქმით,  თუ დასკვნა არ იქნა აბსოლუტური, ამ საქმეში არ შეიძლება რამის ვარაუდი.

“მე რომ ვისმენ ექსპერტების საუბარს, ესაა აგებული ისევ ვარაუდებზე. ანუ, შეიძლება იყოს ასე, შეიძლება იყოს – ისე. მე კონკრეტული მითითება და წერტილის დასმა ამ საქმეში ვერ ვნახე, ვერც ზეპირად და ვერც წერილობით. ექსპერტის დასკვნა უნდა იყოს კატეგორიული. ჩენ ამის ვარაუდი არ გვჭირდება. დასკვნა უნდა იყოს ან ხო, ან – არა. რაც მოგვცემს საშუალებას, შემდგომში ვივარაუდოთ, მართლაც რა დაემართა ამ ახალგაზრდას. რომ გამოვიდეთ და ჭორაობის დონეზე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცამ დაარტყა, მოეფერა, გადააგდო – ესაა ვარაუდები. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დასკვნა, რომელიც ცალსახად გვეტყვის, რომ ეს ახალგაზრდა მოკლულია, თუ უბედური შემთხვევაა. ამაზე შეუძლია ექსპერტიზას პასუხების გაცემა და ჩვენ ეს მოლოდინები გვაქვს”, – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები