დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორაზეც მოჭრიან

თბილისის მერიის შპს “ეკოსერვის ჯგუფი”, დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. სამუშაოები უკვე, კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზეც დაიწყო. გამხმარი და დაავადებული ხეები დღეს, ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მოჭრეს. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კომპანია BD Property, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოჭრილ ფიჭვებს მოგვიანებით, ახალი ნარგავებით ჩაანაცვლებს.

ასათიანის ქუჩაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, შპს “ეკოსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე და კომპანია BD Property-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„კომპანიამ აიღო ვალდებულება, მოჭრას დაავადებული ფიჭვები კერძო ტერიტორიაზე და თავისივე ფინანსური რესურსით ჩაანაცვლოს ისინი ახალი ხე-მცენარეებით. მოვუწოდებთ ყველა კერძო მესაკუთრეს, შეუერთდნენ მემორანდუმს და ერთობლივი ძალებით, მოვაგვაროთ ეს მწვავე პრობლემა, რომელიც დედაქალაქს აწუხებს“, – აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

როგორც ვახტანგ ნოზაძე აცხადებს, სანიტარული ჭრები, მიმდინარე კვირას საბურთალოს რაიონში დაიწყო, რადგან მოქალაქეების მიმართვიანობა მაღალი იყო.

მისივე თქმით, თითოეული მოჭრილი ხე აღირიცხება და ინფორმაცია თბილისის მერიას მიეწოდება, რათა გაზაფხულზე, ამ ტერიტორიებზე აღდგენითი ღონისძიებები დაიწყოს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო.

მსგავსი თემები