„გაუფრთხილდი სიცოცხლეს – სახლში გყავთ მკვლელი“ – გაფრთხილება მოსახლეობას (ვიდეო)

ენერგოომბუდსმენმა მკვლელ გამათბობლებსა და კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებზე „მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფეთქებების ძირითად მიზეზი მოუმზადებელი, გაუნათლებელი და უსაფრთხოების მხრივ არაინფორმირებული მომხმარებლები არიან. „მომხმარებლები საერთოდ მოუმზადებლები არიან“ – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი და მოსახლეობას აფრთხილებს.

„უკვე ცხადია, რომ პრობლემები გვაქვს ორი მიმართულებით: ერთია არარსებული რეგულაციები და შესაბამისად, დაუსჯელობის სინდრომი, რამაც აქამდე მიგვიყვანა  და მეორე – მომხმარებლის ცნობიერების საკმაოდ დაბალი დონე. ჩვენი მოქალაქეების ცნობიერება უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ დაბალია. როგორც აღმოჩნდა, საერთოდ მოუმზადებლები არიან ადამიანები ენერგომატარებლების უსაფრთხოდ მოხმარების კუთხით. კულტურა ამ საკითხის მიმართ უნდა დაიხვეწოს და ამაღლდეს. დიდი ხანია ვამბობ, რომ შიდა ქსელების საკითხი მოუგვარებელია და ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს. მონიტორინგიც რომ სათანადოდ არ ხდება, ეს იწვევს რეალურ პრობლემებს.  ეს არის მთავარი გამოწვევა“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, 2 დღის უკან, გურამიშვილზე კორპუსის აფეთქების პირველადი მიზეზიც „მკვლელი დანადგარი“ გახდა.  

„გურამიშვილის გამზირის შემთხვევაშიც, სახეზე გვქონდა ღია წვის წყლის გამაცხელებელი, რომლის საცხოვრებელ ფართში არსებობა დაუშვებელია.  ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, ძირითადი პრობლემა არის გაუმართავი შიდა ქსელები და კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები. საუბარია იმ დანადგარებზე, რომელიც არ შეიძლება, რომ სახლშ, იყოს. მაგალითად, ღია წვის დანადგარები. ეს არის მომაკვდინებელი, განსაკუთრებით აბაზანაში და მსგავსი რამ თუ გაქვთ, ჩათვალეთ, რომ სახლში გყავთ მკვლელი. CO სავენტილაციო არხში შეიძლება გადი, შეიძლება არა.  ძალიან ბევრ შემთხვევაში, უკან ბრუნდება და მსგავსი წყლის გამაცხელებლების დახურულ სივრცეში ქონა სიკვდილისთვის მზადებას ნიშნავს. ასევეა  ე.წ წითელი კერასინკები, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საველე პირობებისთვის და არა სახლისთვის“ – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, იწყება კამპანია, რომელშიც საკრებულოს მაჟორიტარი წევრებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენ საკრებულოს წევს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ვიწყებთ აქციას – „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. ყველა უბანში გამოვჩნდებით და ჩავატარებთ საინფორმაციო კამპანიას. პირველი მსგავსი შეხვედრა ისანი-სამგორში ჩატარდება, ვინაიდან, ეს არის ცხელი წერტილი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა არსებობს. შემდეგი იქნება გლდანი-ნაძალადევი. მომხმარებლებს გავესაუბრებით იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რომელიც დგება უსაფრთხოების წესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94/

მსგავსი თემები