„გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ თითქოს ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი განიხილება, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და განცხადებებს უპასუხა.

გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ თითქოს ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვიცავთ. ან რა განცხადებებია ან რა ლოგიკაა ის, რომ სექტემბერში თურმე ვიღაცეები, ვინც სიაში არ იქნებიან მხარს აღარ დაუჭერენ ამ კანონპროექტს. ერთადერთი ეს უსუსური ლოგიკა დარჩათ იმისთვის, რათა გაამართლონ თავისი განცხადებები ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ.

ან რა კონსტიტუციის დარღვევაზე გვესაუბრებიან? ძალიან სერიოზული კამათი შეიძლება იმაზე, რომ არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფოს მონდომება, რომ სკოლებში ვითარება გამოსწორდეს. კი ბატონო, ამაზე არგუმენტებიც არსებობს და დავაც შეიძლება. ან წყალმომარაგების თემები უფრო სწრაფად უნდა მიდიოდეს იმიტომ, რომ კატასტროფა ელოდება მსოფლიოს თუ კი ეს ზომები დროულად არ იქნება გატარებული. ან რომელი საპარლამენტო ზედამხედველობის შემცირებაზეა საუბარი? ვერ მოინელეს ის, რომ ორი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვიდა, რომელსაც კითხვებსაც დაუსვამ და ანგარიშის წარმოდგენაც მოსთხოვ. რა პარლამენტი დამცირდა ამით და როდის შეიძლება ლოგიკური დავარქვათ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგიერთ გამომსვლელს ჰქონდა.

გამორიცხულია პარლამენტის უფლებამოსილების შემცირება იმასთან დაკავშირებით თუ კი ჩვენ მთავრობას დავავალებთ, რომ გადაარჩინეთ საზოგადოება და მოსახლეობა იმისგან, რაც შეიძლება მთელ მსოფლიოს დაემართოს. არ არის მდგომარეობა კარგად და ყველამ კარგად ვიცით ეს ამბავი. გვეკითხებიან თუ რატომ არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას, რომლის მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება ადამიანების უფლებების შეზღუდვა. ძალიან საკამათოა ეს პრინციპიც, მაგრამ კამათი ამ თემაზე რომ გაგრძელებულიყო უფრო ლოგიკური იქნებოდა. ის ლოგიკა, რომ ვიღაცას სექტემბერში ეწყინებოდა, რომ სიაში ვერ მოხვდა ეს არის არა მარტო უსუსური, არამედ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები