ბათუმში, ფარული ჩანაწერების საქმეზე მოქალაქის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ დროისათვის ბათუმში, პოლიციის მე-7 განყოფილებაში, მოქალაქე ზაალ ლატარია იკითხება. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებას შეკითხვები უკრაინაში მებრძოლ ყოფილ სპეცრაზმელთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე აქვს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ლატარია გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე მყოფი ზაალ ლატარია ყოფილი სამხედროა და ზუგდიდში ცხოვრობს.

ზაალ ლატარიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა შვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ლატარია 2013 წლამდე საქართველოს ძალოვან უწყებებში მუშაობდა, იყო სპეცრაზმელი. შემდეგ იბრძოდა უკრაინაში, 2015 წელს კი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ლატარია ნაკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

ამ დროისთვის კი, როგორც შსს-ში აცხადებენ, ზაალ ლატარია დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფება, თუმცა აქვს თუ არა მას კავშირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმესთან, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები