აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტრუქტურული და საკადრო რეფორმა დასრულდა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მოხსენება, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე გააკეთა. სესიას დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

სესიაზე ითქვა, რომ რეორგანიზაცია არ იყო მარტივი; განხორციელდა რადიკალური, სტრუქტურული და საკადრო პოლიტიკა, რის შედეგადაც ექვსი დეპარტამენტისა და სამი სამსახურის სანაცვლოდ შეიქმნა ქმედითი ორი დეპარტამენტი და ერთი სამსახური.

ჯემალ გამახარიამ ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებიც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის პრიორიტეტული იქნება. ესაა სამთავრობო პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ჩართულობა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა „აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ანალიზის მომზადების შესახებ“ დოკუმენტზე, რომელიც თავისი არსით უპრეცედენტოა. უპრეცედენტოა „გალის რაიონის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო პროექტის „დისტანციური სწავლებები“, პროექტის არსი ოკუპანტის ასიმილაციური პოლიტიკის დაძლევაა, რომელიც გამახარიას თქმით, აფხაზეთში და კერძოდ გალის რაიონში, კრიტიკულ ზღვარს მიღმაა.

ასევე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი საკუთრების ბედი; არა მხოლოდ დეკლარირება და აღრიცხვა, არამედ მისი რეგისტრაცია. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მომზადდა და საქართველოს პარლამენტს (2019.30. 12) გადაეგზავნა დოკუმენტი, რომელიც სწორედ ამ უფლებების დაცვას გულისხმობს.

ასევე საინტერესოა ახალი პროექტი, რომელიც დევნილ საზოგადოებასთან ელექტრონულ კავშირს გულისხმობს მიუხედავდ იმისა, სად იმყოფებიან ისინი- ქვეყანაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ უცხოეთში. ზოგადად, გამახარიამ ხაზი გაუსვა თანამედროვე ციფრული მედიის როლზე საინფორმაციო ომის დასაბალანსებლად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებითია ოკუპანტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ საინფორმაციო ომის უკუგებაზე მუშაობა, და მაგალითისთვის მოიყვანა პუტინის 2019 წლის 9 ივნისის განცხადება, როდესაც ის საქართველოს ისტორიის გაყალბებას ეცადა. შესაბამისად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებთან ერთად, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ქართულ-ინგლისური ნარკვევის მომზადებაზე, სადაც საუბარია აფხაზეთის რეალურ ისტორიასა და იქ შექმნილ პრობლემებზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში უმაღლესი თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ გადავიდა, სიტყვით რუსლან აბაშიძეც გამოვიდა. ბოლოს, გამახარიამ აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოში მომუშავე ყველა თანამშრომელს გააზრებული აქვს, რომ აფხაზეთის ეს სტრუქტურა არ წარმოადგენს სოციალური პროექტს და სწორედ აქ მომუშავე ხალხის კეთილსინდისიერ მუშაობაზეა დამოკიდებული დეოკუპაციის პროცესის დაწყება.

მსგავსი თემები