ახალ პრეზიდენტს, წინამორბედის ადმინისტრაციასთან მუშაობა არ სურს – სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ახალი პრეზიდენტის შეკვეთად აფასებს, რომელსაც იმ ხალხთან თანამშრომლობა არ სურს, რომლებიც მის წინამორბედთან მუშაობდნენ. “ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენდი, რომელიმე სხვა ვარაუდს, რომელიც ჩემსას გააბათილებდა.

​როგორც ჩანს მას სურს საკუთარი კადრების მიყვანა და ამაში უნდა სრული თავისუფლება. ფაქტობრივად, პარლამენტში ინიცირებული არსი სწორედ ეს არის”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი პირისთვის დაცვის ძალიან მცირე გარანტიები არსებობს: „როდესაც კი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მოისურვებს, დასამებულს ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყვიტოს, მას შეუძლია დასაქმებულს, შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მხოლოდ ერთი თვით ადრე გაუგზავნოს. ინიცირებულ კანონპროექტში სხვა პირობა, რა შემთხვევაში შეუძლია ან არ შეუძლია პრეზიდენტს ხელშეკრულების შეწყვეტა, გათვალისწინებული არ არის. ასევე, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ყველა ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეწყდება. ესეც პირდაპირ წერია კანონპროექტში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირს, რომელიც სამსახურში აყვანილია ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, დაცვის გარანტიები არ გააჩნია. განსხვავებული მიდგომაა საჯარო მოხელესთან დაკავშირებით. მას იცავს კანონი და მისი სამსახურიდან გაშვება, მხოლოდ კანონით მკაცრად ჩამოთვლილი პირობების საფუძველზე არის შესაძლებელი”, – განმარტავს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

რაც შეეხება სასამართლო დავას, როგორც ალექსანდრე ბარამიძემ განმარტა, სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციაში მომუშავე პირები მხოლოდ ერთი თვის კომპენსაციას მიიღებენ. მეორე გზა კი სტრასბურგის სასამართლოა.

​„ეჭვს იწვევს ისიც, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება საკმაოდ სწრაფად მოხდა და განხილვის უფლება პარლამენტის მხოლოდ ერთ – პროცედურულ საკითხთა და წესების კომიტეტს დაეკისრა და არა იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს, არადა, კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ეხება, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებას ეხება“’ – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და აქვე დატოვა კითხვები, რომელზე პასუხს თავადაც ელოდება: „მაინტერესებს, რა განსხვავებას ხედავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სამინისტროებში დასაქმებულ პირებს შორის? რატომ უნდა ჩააყენონ ისინი განსხვავებულ პირობებში? ეს კითხვები კანონპროექტის ინიციატორებს უნდა დავუსვათ. რა არსებითი განსხვავებაა მათ შორის, რომ ორ სრულიად განსხვავებულ რეჟიმს უნდა ექვემდებარებოდნენ. ჩემის აზრით, არ არსებობს ასეთი განსხვავება”, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

მსგავსი თემები