აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში ყოფილი მაღალჩინოსნები, ძებნილი ახალაია და უდესიანი იმყოფება

გენერალი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფოს მიმართავს, ზუგდიდის არჩევნებში რუსული სცენარის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი გააკეთოს. საუბარია, აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ძებნილები არიან, ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, საიდანაც ზუგდიდის მერობის არჩევნებში ჩართვას გეგმავენ.

გია უდესიანი და დათა ახალაია – ეს გვარები ლევან ნიკოლეიშვილმა აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამოიკითხა და შესაძლო პროვოკაციაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს სრული საშუალება აქვს, შესაძლო რუსული სცენარების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინონ. საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესები, ეს არის სახელმწიფო ინტერესების დაცვა. დაწყებული თავდაცვის ძალებიდან, დამთავრებული უსაფრთხოების ძალების ჩათვლით. თუ არეულობა და დესტაბილიზაცია იქნება, არავინ არჩევს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებ, ჩაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, პროვოკაციის აღსაკვეთად,“ – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ „აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია.

მსგავსი თემები