“არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით” – ირაკლი კობახიძე

“ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში”, – აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით ამ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, მიუხედევად იმ დესტრუქციისა, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში. ეს დესტრუქცია, რასაც მოიცავს, ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამ დესტრუქციული და კონტრპროდუქტიული მოქმედებებისა, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მოტივით არის ნაკარნახები მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან თავიდან შემოთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.

“ცალსახად არაკონსტიტუციურია ეს მოდელი. სწორედ ამ საფუძვლით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ საკითხის განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები