არაგეგმიური აცრა 65 ათასმა ადამიანმა გაიკეთა, კიდევ 100 ათასი ვაქცინა გზაშია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინას ელოდება.   

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, არაგეგმიურ აცრაზე მიმართვიანობა გაიზარდა და დამატებითი ვაქცინის შეძენა გადაწყდა. ამჟამად მარაგში არის 150 ათასი დოზა, ხოლო დღეისათვის 65 ათასი ადამიანი აცრილია. 

მინისტრის განმარტებით, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის სიჩქარე მნიშვნელოვნად შენელდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა მატულობს, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მანამდე იყო. მთავარ სამიზნედ 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები რჩებიან. 

“მოსახლეობა აქტიურად იტარებს ვაქცინაციას. 65 ათასი კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამიზნე გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ფარგლებში მყოფი 200 ათასი ადამიანი. ჩვენ ამისთვის მზადყოფნა გვაქვს და ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ, აცრის დამადასტურებელი საბუთის არწარდგენის შემთხვევაში მოსწავლის სტატუსის შეჩერების საფრთხეზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს რეკომენდაციას, სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლის მშობელს აცრების სერთიფიკატი მოთხოვონ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი არ წარდგენის შემთხვევაში, ბავშვს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეს. 

“დავეხმაროთ მშობლებს, ავუხსნათ ამ ვაქცინაციის მნიშვნელობა და ხელი შევუწყოთ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. სტატუსის შეჩერება ამოცანა არ არის, ამოცანა არის წითელას აცრის მნიშვნელობის განსაზღვრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები