„ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც“ – ილჰამ ალიევი სომხეთს აფრთხილებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი ყოველ პროვოკაციაზე შესაბამის პასუხს მიიღებს. მისი შეფასებით, სომხეთმა შეიარაღებული ქმედება აზერბაიჯანის საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატების გამო განახორციელა. ინფორმაციას უშიშროების საბჭოს სხდომიდან  სააგენტო APA ავრცელებს.

„ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს მიაღწია. თავისი გაუგებარი პოზიციით კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც დღეს მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეშია, სომხეთმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება საკუთარი უსახური პოლიტიკისკენ. როგორ შეიძლება ეს, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, სომხეთი დაუპირისპირდა მას. სომხეთის ხელისუფლების მიერ გუშინდელი ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის კიდევ ერთი ნიშანია. მათ სურთ, პასუხისმგებლობა აზერბაიჯანზე გადაიტანონ. მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ან ჩვენი სამხედრო საგუშაგოს წინააღმდეგ მოულოდნელი ცეცხლის გახსნა შეუძლიათ. ისინი ასე მოიქცნენ და კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი მახინჯი და მზაკვრული ბუნება,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ინფორმაციისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 5 სამხედრო დაიჭრა, 3 კი დაიღუპა.

მსგავსი თემები